04 ოქტომბერი 2022
დღეს, სასტუმროში „ შერატონ გრანდ მეტეხი პალასი“ ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლება დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
„ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები მუდმივად ვითარდება, ხდება პოლიტიკის ახალი დოკუმენტების ფორმირება ქვეყნის შიგნითაც. იმისთვის, რომ ათეამ შეძლოს მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილზე ადამიანის უფლებების განხორციელების პროცესში, ვფიქრობ, მართლაც მნიშვნელოვანია ათეას აღმასრულებელ საბჭოს და სამდივნოს ჰქონდეს განახლებული სისტემატიზირებული ცოდნა ადამიანის უფლებების შესახებ ყველა იმ მიმართულებით, რასაც კომპეტენციის ფარგლებში შეიძლება ფარავდეს მუნიციპალიტეტი“-განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა
აღნიშნული სესია დაეთმო ადამიანის უფლებების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების მნიშვნელობის, საერთაშორისო კარგი პრაქტიკებისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მრავალდონიან მმართველობაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობის განხილვას. უფრო კონკრეტულად კი, სესია მიზნად ისახავს ადგილობრივ ხელისუფალთა როლის ერთობლივ გააზრებას ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფის პროცესში.
შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის წარმომადგენელმა ჰერალდ ბერგმანმა გახსნა და ადამიანის უფლებების საკითხებზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებზე მრავალდონიანი მმართველობის დიალოგის ინტენსიურად წარმართვის მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციამ (ათეა) ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.