24 აპრილი 2026 თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ერთი წლის ანგარიში მოისმინეს. საკითხი კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მიმართულებით მოქმედ მუნიციპალურ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე ისაუბრა.
ანგარიშის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროს დასაფინანსებლად გეგმა განსაზღვრული იყო 44,890.4 ათასი ლარით, რომლის შესრულებამ 44,158.4 ათასი ლარი შეადგინა, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 98%. სოციალური დაცვის სფეროს დასაფინანსებლად გეგმა განსაზღვრული იყო 151,784.8 ათასი ლარით, რომლის შესრულებამ 144,017.0 ათასი ლარი შეადგინა, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 95%.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
კერძოდ, „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესს“ ემატება მომსახურების ახალი კომპონენტი - ფილტვის კიბოს სკრინინგი, აღნიშნული საკითხი კომისიის წევრებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მოსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
ქვეპროგრამა მოიცავს ფილტვის კიბოს სკრინინგს 45-75 წლის ასაკის ჩათვლით, ორივე სქესისათვის. მომსახურება გულისხმობს დაბალდოზირებულ კომპიუტერულ ტომოგრაფიულ გამოკვლევას, 2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წაკითხვით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რადიოლოგთა მიერ განსხვავებული შეფასება გაკეთდება ან/და გამოვლინდება სკრინინგული დიაგნოსტიკის საჭიროება, აუცილებელია შედგეს კონსენსუს კონფერენცია, რომელსაც გაუძღვება შემთხვევის ლიდერი, მესამე რადიოლოგი.
ფილტვის კიბოს სკრინინგის მომსახურების მოსარგებლეები იქნებიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში რეგისტრაციის ადგილად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი.
„დაავადებათა სკრინინგის პროგრამას ფილტვის კიბოს სკრინინგი ემატება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ფილტვის კიბოს დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირთა სკრინინგი დაავადების ადრეული გამოვლენის წინაპირობაა. დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება კი მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული მკურნალობის და დადებით შედეგის მიღების შანსს“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ბექა მიქაუტაძემ.
ასევე, კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
ლევან ჯაფარიძე, ბექა მიქაუტაძე და შალვა სუთიაშვილი სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფებოდნენ
აპრილი 20,2026
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია სს „გეფას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 06,2026