24 ოქტომბერი 2025 თბილისის საკრებულოში დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს VII მოწვევის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
მიმდინარე სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებებისა და ბოლო ოთხი წლის მანძილზე განხორციელებულ ახალ პროგრამებსა და პროგრამებში ცვლილებების შესახებ ისაუბრეს.
სხდომაზე "თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის N49-97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი განიხილეს, რომელიც კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო.
წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად სულ - 5 179,4 ათასი ლარით იზრდება და 2 353 788,4 ათას ლარს შეადგენს.
დღესვე, კომისიის წევრებმა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსს გელა ჩივიაშვილს მოუსმინეს, რომელმაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 2021-2025 წლებში დაწყებულ ახალ პროგრამებზე და პროგრამებში ცვლილებებზე ისაუბრა.
2021-2025 წლებში სამსახურის მიერ დაწყებული ახალი პროგრამებია: „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსება”, „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსება“, „მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა”, „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსება“, „პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფა“, „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ პროგრამა - სხდომაზე აღინიშნა, რომ 2023-2025 წლების ბიუჯეტი 5 272 540 ლარია (მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 2 000 000 ლარს შეადგენს). პროგრამის განხორციელება 2023 წლის სექტემბერში დაიწყო და დღემდე, 1 046 შემთხვევა დაფინანსდა. მერია, მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ხელოვნური იმპლანტით შეცვლის საჭიროების მქონე პირებს 6 000 ლარით აფინანსებს.
„გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსების“ პროგრამა - პროგრამის 2021-2025 წლების ბიუჯეტი 11 958 234 ლარს შეადგენს ლარია (მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 4 776 500 ლარს შეადგენს) და ამ პერიოდში, 1 759 შემთხვევა დაფინანსდა. პროგრამას, 2022 წლიდან მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება დაემატა და მოქალაქეს მედიკამენტებთან ერთად, თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (ქიმიური აგენტის დახმარებით) უფინანსდება. ერთი ბენეფიციარისთვის, წელიწადში 25 000 ლარამდე თანხაა გათვალისწინებული. 2023 წლიდან ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად, 100%-ით უფინანსდება. 2024 წლიდან მოსარგებლეებს მოეხსნათ ასაკობრივი ზღვარი.
„ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების” პროგრამა - პროგრამის 2021-2025 წლების ბიუჯეტი 27 604 630 ლარს შეადგენს ლარია (მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 7 260 000 ლარს შეადგენს), 2021 წლიდან, პროგრამის ფარგლებში, 3 405 შემთხვევა დაფინანსდა. პროგრამა HER-2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალბატონების სიცოცხლის გახანგრძლივება/განკურნებას ემსახურება. ტრანსფუზიების რაოდენობა 14-დან 18-მდე გაიზარდა. 2024 წლიდან ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად, 100%-ით უფინანსდება. ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსისთვის, მინიმუმ 24 750 და მაქსიმუმ 70 110 ლარი გამოიყოფა.
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამა - პროგრამის 2021-2025 წლების ბიუჯეტი 39 679 400 ლარია ლარია (მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 11 795 000 ლარს შეადგენს). პროგრამის ფარგლებში, აბილიტაციის კურსს, უწყვეტ რეჟიმში, 2 400 ბავშვი და მოზარდი გადის (2021 წლიდან ბავშვების რაოდენობა 1375-დან 2400-მდე გაიზარდა). ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად წელიწადში 5 400 ლარია გათვალისწინებული.
„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამა - პროგრამის განხორციელება 1 სექტემბრიდან დაიწყო და ძვირადღირებული მედიკამენტის „აქტემრას“ (ტოცილიზუმაბი) დაფინანსებას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 300 000 ლარს შეადგენს. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს - 80%-ით. ამ ეტაპისთვის 57 პირზე არის გაცემული საგარანტიო წერილი.
„ტრანსპლანტაციის“ პროგრამა - პროგრამის 2021-2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 39 805 608 ლარია ლარია (მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 10 500 000 ლარს შეადგენს). 2021 წლიდან დღემდე, ლეიკემიითა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მიმართულებით, 968 შემთხვევა დაფინანსდა, მათ შორის, ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაცია და მასთან დაკავშირებული კვლევები. მომსახურება ფინანსდება როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. ეს არის პროგრამა, რომელიც ათობით ბავშვისა და მოზრდილის სიცოცხლის გახანგრძლივება–გადარჩენის ერთგვარი იმედია და რომელიც მათ ოჯახებს დიდ ფინანსურ ტვირთს უმსუბუქებს. საჭიროების შესაბამისად, მოქალაქეები 10 ათასიდან 235 ათას ლარამდე თანხით ფინანსდებიან. 2024 წლის 15 აგვისტოდან დაემატა ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების HLA ტიპირების კვლევა. დაფინანსდა 500 მოხალისე დონორი. კვლევის ღირებულება 5000 ლარით განისაზღვრა.
რაც შეეხება ღვიძლის ტრანსპლანტაციას, საანგარიშო პერიოდში, მომსახურება 34-მა პირმა მიიღო. 2023 წლიდან ღვიძლის გადანერგვა სრულად, 100%-ით ფინანსდება და ერთი მოქალაქისთვის 120 000 ლარი გამოიყოფა.
„100 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარების” პროგრამა - პროგრამის 2021-2025 წლების ბიუჯეტი 799 000 ლარია ლარია (მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 780 000 ლარს შეადგენს). პროგრამის ფარგლებში, ერთჯერად ფულად დახმარებას თბილისში რეგისტრირებული ის ხანდაზმულები იღებენ, რომელთაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში 100 და მეტი წელი შეუსრულდებათ. თანხის ოდენობა 1 000 ლარს შეადგენდა, ხოლო 2025 წლიდან, ის 10-ჯერ გაიზარდა და ხანდაზმულებს საბანკო ანგარიშზე 10 000 ლარი ერიცხებათ. 2021 წლიდან დღემდე, ფინანსური დახმარება 237-ჯერ გაიცა.
სხდომის დასასრულს კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებსა და მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.