14 აპრილი 2022
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში პროგრამის – „სახელმწიფო ენის ელჩები“კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას, ასევე ამ მნიშვნელოვან პროექტში ჩართულ სახელმწიფო ენის ელჩებს, რომლებიც როგორც ჩემთვის ცნობილია წარმოდგენილნი არიან საქართველოს 11 მუნიციპალიტეტიდან.
დღევანდელი ღონისძიება უშუალო კავშირშია დედა ენის დღესთან, რომელიც 14 აპრილს აღინიშნება. სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა, ეროვნულ უმცირესობებს გაუადვილებს ჩვენ საზოგადოებაში ინტეგრაციას, საგანმანათლებლო რესურსებისადმი წვდომას და დაეხმარება მათ სხვადასხვა მიმართულების საქმიანობაში,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ხელმძღვანელმა ქეთევან ჯაყელმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში, გიორგი დოხტურიშვილმა.
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის – „სახელმწიფო ენის ელჩები“ ფარგლებში წინასწარი რეგისტრაციისა და კონკურსის გავლის შედეგად თბილისიდან, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებიდან შეირჩა 20 ტრენერი, რომლებმაც 6 თვიანი, როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული გადამზადება გაიარეს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში.
კურსის დასრულების შემდეგ ისინი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან.