07 ოქტომბერი 2022
თბილისის საკრებულოს წევრი, პარტია "ანა დოლიძე-ხალხისთვის" წარმომადგენელი ნინო წულაძე ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის ვიქტორ წილოსანის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მოითხოვს. განცხადება ამის შესახებ ნინო წულაძემ დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ნინო წულაძე აცხადებს, რომ სატრანსპორტო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირდაპირი ორგანო არის თბილისის მერია და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.
„პარტია „ანა დოლიძე -ხალხისთვის“ თბილისის საკრებულოს მანდატის ფარგლებში ვიქტორ წილოსანის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვითხოვთ. მას უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება , ვინაიდან როგორც საკრებულოსადმი ანგარიშვალდებული პირი არ გრძნობს პასუხისმგებლობას გამოცხადდეს და პასუხი გასცეს საკრებულოს წევრების კითხვებს სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ნინო წულაძე.