15 დეკემბერი 2022 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თამარ მეფის სახელობის დარბაზში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.
საკრებულოში ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, მინისტრთა კაბინეტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და აკადემიკოსები ესწრებოდნენ.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მის უწმინდესობას იუბილე მიულოცა და მის ღვაწლზე ისაუბრა.
„ჩვენთვის დიდი პატივია საკრებულოს დარბაზში ვუმასპინძლოთ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას. ფასდაუდებელია ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ჩვენი ეკლესიის, ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე. მის ზრუნვას და სიყვარულს იღებს საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქე განურჩევლად მრწამსისა. უწმინდესობის ინიციატივით დაიწყო და ბოლომდე მიყვანილ იქნა ქვეყნისთვის არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მისი ავტორიტეტი მუდმივად ეხმარება სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო პატრიარქის უდიდესი წვლილი სასულიერო აკადემიის არსებობაში და საქმიანობაში”,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ
საღამოს თბილისის აკადემიის და სემინარიის რექტორი და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ზვიადაძე უძღვებოდა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში უნიკალური გამოცემების- „მრავალენოვანი ბიბლია“ , „კურთხევანი“, „ადამიანის უკვდავი სული“, წმ. გიორგი მთაწმინდელის „მარხვანი“ პრეზენტაცია გაიმართა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა.