21 ნოემბერი 2022 თბილისის საკრებულოში, მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით, ქართველი მომღერლისა და ფილოლოგის თეიმურაზ ჭკუასელის წიგნის „ორიენტირების ძებნაში“ პრეზენტაცია გაიმართა.
თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამართულ ღონისძიებას, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საღამო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა გახსნა, ახალ წიგნზე ისაუბრა, სადაც მომღერლის შემოქმედება განსხვავებული რაკურსით წარმოაჩინა. მან მწერალთა შემოქმედებითი კავშირის სახელით, თეიმურაზ ჭკუასელს ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია და მედალი გადასცა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ მწერალი და კრიტიკოსი როსტომ ჩხეიძე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პოლიტიკოსი გიორგი გაჩეჩილაძე, ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე. მათ, თეიმურაზ ჭკუასელს შემოქმედებითი წარმატება უსურვეს.
თეიმურაზ ჭკუასელის დოკუმენტური პროზა ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრების გოგი დოლიძის, დათო გოგიაშვილის, გურამ თამაზაშვილის, ზაურ ბოლქვაძისა და გია ჭირაქაძის ხსოვნას ეძღვნება.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, მწერალთა შემოქმედებითი კავშირის, ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრები, ბიზნესმენები, გამოჩენილი სპორტსმენები და ცნობილი ხელოვანები ესწრებოდნენ.