27 მაისი 2022
თბილისის საკრებულოში მხატვრული რეწვისა და დიზაინის თბილისის IV საერთაშორისო სამიტის „ეთნოფესტი 2022“-ის პრეზენტაცია და ოფიციალური გამოცხადება შედგა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა მოწვეულ სტუმრებსა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ეთნოფესტი" თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიებაა, რომელმაც ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველწლიურად ტარდება. სასიხარულოა, რომ "ეთნოფესტი 2022-ის"გამოცხადება, კვლავ თბილისის საკრებულოში იმართება. ღონისძიება საინტერესოა მისი მრავალფეროვანი ხასიათით, ეს არის ტრენინგები, გამოგენები, ლექციები, ბიზნეს შეხვედრები, ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაცია. ის თავისი არსით ქმნის ახალ ტურისტულ სანახაობას, და დამსახურებულად ერთ-ერთი გამორჩეულია მსგავს საერთაშორისო გამოფენებს შორის. „ეთნოფესტი“ 2016 წელს დაარსდა და ადგილობრივი ხელისუფლების, დონორი ორგანიზაციებისა და თავად მონაწილეების უზარმაზარ მხარდაჭერა გააჩნია“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
როგორც საკრებულოს განათლებისა კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, ფესტივალი დედაქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეში თავს უყრის შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს.
„ვმასპინძლობთ მხატვრული რეწვისა და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტს „ეთნოფესტს”, რომელიც თამამად შეიძლება მივიჩნიოთ სამხრეთ კავკასიაში დარგის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პლატფორმად, რომელიც აერთიანებს ექსპოს, გამოფენებს, ტრენინგებს, პრეზენტაციებს, საჯარო ლექციებსა და ბიზნეს შეხვედრებს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ქმნის დარგის ეკონომიკური მდგრადობის, ადგილობრივი სასაჩუქრე ბაზრის განვითარების, საერთაშორისო ბაზარზე ქართული ნაწარმის ცნობადობის გაზრდის, პროდუქციის მარკეტინგის და მწარმოებლების ინტეგრაციის შესაძლებლობას. წარმატებას ვუსურვებ ფესტივალის ყველა მონაწილეს. ჩვენ კი, ამ შესანიშნავი საქმის მხარდამჭერებად და პარტნიორებად ვრჩებით“ - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
14,15,16 ოქტომბერს „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში „ეთნოფესტი 2022” ჩატარდება და ერთ სივრცეში თავს მოუყრის შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს: დიზაინერებს, მეწარმეებს, ხალხური რეწვის, ხელნაკეთი პროდუქციის ოსტატებს, მხატვრებსა და სხვ.
საკრებულოში გამართულ პრეზენტაციაზე სამიტის ორგანიზატორებმა პარტნიორებს, მხარდამჭერებს, სპონსორებსა და პოტენციურ მონაწილეებს წარუდგინეს სამიტის პროგრამა, გააცნეს მონაწილეობის პირობები, მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები და მიაწოდეს ინფორმაცია სამიტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგებისა და კონკურსების შესახებ.
პრეზენტაციას USAID / ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე მარიკა შიოშვილი და პროექტის დირექტორი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი მაკა დვალიშვილი ესწრებოდნენ.