01 აპრილი 2022
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელის, თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით, თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში, ბავშვთა წიგნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი საბავშვო მწერლების ლელა ცუცქირიძის, მარიამ წიკლაურის, გივი ჩიღვინაძისა და თამარ გეგეშიძის ილუსტრირებული გამოცემები და საბავშვო ლიტერატურა. ასევე, მოეწყო ნინო ჩაკვეტაძის, სალომე ხოტივარისა და ნანა ცინაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.
,,მოგეხსენებათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თვალსაწიერის გაფართოება და წიგნისადმი ინტერესის გაღვივება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე. გადავწყვიტეთ, დღევანდელი დღე იმ პატარებისთვის გაგვეხალისებინა, რომელთაც განსაკუთრებულად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ბავშვებმა გაიცნეს ის ადამიანები, რომლებიც მათთვის საინტერესო წიგნებს ქმნიან. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ღონისძიებაში ჩართულ საბავშვო მწერლებსა და მხატვრებს და იმ კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა ჩვენს ინიციატივაში’’- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ღონისძიებაზე საბავშვო სახლის ,,მომავლის გზის" ბენეფიციარებს საკრებულოს წევრებმა და ღონისძიების სპონსორებმა, კომპანიებმა : ,,ბიბლუსი’’ ,, ჭიტა’’ ,,მელთი’’ ,,საბავშვო კარუსელი’’ წიგნები და საჩუქრები გადასცეს.
2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1967 წლიდან აღინიშნება ცნობილი პოეტის და მეზღაპრის,
ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.