28 თებერვალი 2022
დღეს, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, კომისიის წევრებთან ანა კაკაბაძესთან და ლევან აბაშიძესთან, ასევე თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან გელა ჩივიაშვილთან ერთად, ეროვნული სკრინინგ ცენტრის გლდანის ფილიალს ეწვია.
სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ სტუმრებს არსებული გარემო დაათვალიერებინა, სადაც მოქალაქეები გადიან კვლევებს. საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის წევრები ცენტრში დანერგილი საპილოტე კვლევის უახლესი მეთოდს გაეცნო, რაც HPV (კოლპოსკოპია ჰისტოლოგიური კვლევით) ტესტირებას მოიცავს. სკრინინგ პროგრამაში ჩართულობა უზრუნველყოფს კვლევების ყველა ეტაპის გავლას, რომელიც 25-დან 60 წლამდე ქალებს და 50-დან 70-წლამდე მამაკაცებს მოიცავს.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ შეხვედრაზე სკრინინგ პროგრამის განხორციელების პოპულარიზაციის და განხორციელების პროცესში კომისიის აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა.
"ინფორმირებულობის გაზრდა უმთავრესია სკრინინგის პროცესში. მაქსიმალურად შევეცდებით, გავახმოვანოთ ინფორმაცია სკრინინგ პროგრამის შესახებ, რომლის ხელმისაწვდომობას, თბილისის მერიის მიერ სრული დაფინანსება ზრდის და რომელიც 5 მილიონ ლარზე მეტს მოიცავს,“- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ზურაბ ჩიკვილაძე სპეციალისტებს შეხვდა, რომლებმაც სკრინინგის როგორც ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციის საუკეთესო საშუალებაზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების სკრინინგ პროგრამაში უფასო ჩართულობას თბილისის მერია უზრუნველყოფს, რაზეც 5 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.