28 მაისი 2022
თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე ნინო რუხაძე, საკრებულოს წევრ გურამ ოქროპირიძესთან და საკრებულოში არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს თავმჯდომარესთან რიტა ხიდირბეგიშვილთან ერთად უკრაინულ საქველმოქმედო ფესტივალს „გულიდან გულამდე“ დაესწრო.
ნინო რუხაძის თქმით, სწორედ ახლა, ამგვარი ღონისძიებების გამართვას საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა და დიდი დატვირთვა აქვს.
„დღეს თბილისში ქალაქის მთავრობის მხარდაჭერით აღინიშნება უკრაინული ე.წ. „ვიშივანკების“ დღე. „ვიშივანკა“ წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინელების ნაციონალური კოსტიუმის ელემენტს, არამედ უკრაინის კულტურულ მემკვიდრეობას და როგორც მას თავად უკრაინელები უწოდებენ, მათი იდენტობის, მათი ნაციონალობის „ნაქარგ“ კოდს. ამ დღეებში ეროვნული სიმბოლოები განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს თითოეული უკრაინელისთვის. „ვიშივანკის“ დღის აღნიშვნა თბილისში მყოფი უკრაინელებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას ემოციური კავშირი ჰქონდეთ თავის ერთან, თავის ქვეყანასთან, ხოლო თბილისელებისთვის ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ საკუთარი სოლიდარობა გამოვხატოთ უკრაინისა და უკრაინელების მიმართ“, - განაცხადა ღონისძიებაზე ნინო რუხაძემ.
9 აპრილს პარკში გამართული ფესტივალის ფარგლებში უკრაინული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მასტერკლასები და ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები გაიმართა, ასევე წარმოდგენილი იყო საკონცერტო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა იმ უკრაინელმა მომღერლებმა მიიღეს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების გამო საქართველოში იმყოფებიან.
საქართველოს დამოუკიდებლობისა და „ვიშივანკას“ მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისის მერიის, უკრაინული დიასპორის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების დახმარებით, არასამთავრობო ორგანიზაციის „ქართულ-უკრაინული ბეჭდვისა და წიგნის სახლი“ ინიციატივით და საქართველოში უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.
ფესტივალიდან შემოსული თანხა უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვების სხვადასხვა საჭიროებას მოხმარდება.