07 სექტემბერი 2022
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად დასუფთავებისთვის განკუთვნილი ახალი ტექნიკის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც დედაქალქის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა.
გიორგი ტყემალაძე: „დედაქალაქის მოწესრიგება და სისუფთავე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პროორიტეტია. სისტემატიურად მიმდინარეობს, მერიის მიერ შემუშავებული გრძელვადიანი გეგმის ფარგლებში, რეფორმები და განახლება. დღევანდელი დღეც, სწორედ ამის დასტურია და მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში მოხდა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკის განახლება. სპეცავტომობილები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს "თბილსერვისის" მუშაობის ხარისხს“.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ პირველად შეიმუშავა მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. საფუძველი ჩაეყარა ნარჩენების მართვის სრულიად ახალი სისტემის დანერგვას. მათ შორის დადგინდა მუნიციპალიტეტების ვალდებულებები ნარჩენების მართვის კუთხით და რიგი ღონისძიებები დაიგეგმა.
როგორც პრეზენტაციაზე აღნიშნეს EBRD-ის მხარდაჭერით, „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი 74 ერთეული სპეცტექნიკით შეივსო.
ამ ეტაპისთვის ავტომანქანების მოწოდება განხორციელდა ეტაპობრივად, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. ,,შპს თბილსერვის ჯგუფის” ავტოპარკს 12 ერთეული სატვირთო მანქანა, ამწე აღჭურვილობით; 40 ერთეული ნარჩენების შემგროვებელი ავტომანქანა; 7 ერთეული ქუჩების დასუფთავებისთვის განკუთვნილი მანქანა; და 15 ერთეული ნარჩენების შემგროვებელი ავტომანქანა, კონტეინერის ლიფტის გარეშე, გვერდითი დატვირთვის პრესით (შემოვა სექტემბრის შუა რიცხვებში); შეემატა.
დღესვე წარმოდგენილი იყო „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სპეცტექნიკა, რომელიც არის მილსადენებისა და სანიაღვრე არხების შიდა ზედაპირის შესამოწმებელი რობოტი შესაბამისი კომპლექტით. აღნიშნული მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელია მილსადენების, სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების ვიზუალური შემოწმება-დათვალიერება.
ხვალიდან დედაქალაქს დასუფთავებისთვის განკუთვნილი ახალი სპეცტექნიკა მოემსახურება, რომელიც ნაგავშემკრები კონტეინერების დასაცლელად გამოიყენება და მოძველებულ, მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს.