24 მარტი 2022
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 42-ე პლენარული სესიის ფარგლებში, თბილისის საკრებულოს დელეგაციამ კონგრესის პრეზიდენტს - ლინდერტ ვერბეკს მადლობა გადაუხადა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციისთვის.
კონგრესის პრეზიდენტმა 2022 წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით განცხადებაში აღნიშნა, რომ ასეთი „არჩევნების“ ორგანიზებით, აფხაზეთის „დე-ფაქტო“ ხელისუფლება, კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და აღრმავებს რეგიონის იზოლაციას, რითაც ზიანი ადგება ადგილობრივ მოსახლეობას. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კონგრესი ყოველთვის გამოხატავდა ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში წევრი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისადმი. აღნიშნული პრინციპი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის კონტექსტში.
როგორც თბილისის საკრებულოს დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, ქართველი ხალხი ინფორმირებულია ევროსაბჭოსა და კონგრესის მხარდაჭერის შესახებ და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია ეს თანადგომა.