11 აპრილი 2022
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე და სამგორის მაჟორიტარი რევაზ სოხაძე ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტობუსის გაჩერებაზე მოწყობილი მოსაცდელის წაქცევის ფაქტს შეეხებოდა. როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტის შესაბამის ქმედებებს გაატარებს იმ კომპანიის მიმართ, რომელმაც გაჩერებების დამონტაჟებაზე ტენდერი მოიგო.
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. მთავარია, რომ არავინ დაშავებულა. მერია თავის საქმიანობას უმეტეს შემთხვევაში კონტრაქტორების მეშვეობით ეწევა.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, კომპანიას გადაეცა ვალდებულება, რომ გაჩერება დაემონტაჟებინა. შესაბამისად, პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, ყოველთვის არის იმ კონტრაქტორ კომპანიაზე, რომელიც სამუშაოებს ასრულებს.
მუნიციპალიტეტი ყოველთვის ახორციელებს კანონით განსაზღვრულ ზედამხედველობას აღნიშნულ პროცესზე. ამ შემთხვევაში, თუ რაიმე დარღვევა არსებობდა, მერია გაატარებს შესაბამის ქმედებებს ამ კონკრეტული კომპანიის მიმართ,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
რაც შეეხება ბრალდებას, რომელიც „ქართული ოცნების“ შემომწირველებს ეხება, რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ ოპონენტები მუდმივად ცდილობენ რეალობის დამახინჯებას.
„საუბარი მოგონილ გარიგებებსა და კავშირებზე სრული აბსურდია. ქალაქში სამწუხარო ფაქტები და კონკრეტული შემთხვევები შეიძლება ყოველთვის მოხდეს, თუმცა ჩვენ მათ მყისიერ გამოსწორებაზე უნდა ვიზრუნოთ, თუმცა ოპონენტების მხრიდან მხოლოდ რეალობის დამახინჯების მცდელობას ვხედავთ,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.