20 იანვარი 2022
პირველი თებერვლიდან თბილისში მოძრავი ყვითელი სამარშრუტო ტაქსები 1000 ერთეული ახალი მიკროავტობუსით მთლიანად ჩანაცვლდება. მიკროავტობუსების პრეზენტაციას, რომელიც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
მიკროავტობუსების ჩანაცვლების პარალელურად, 20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე, დედაქალაქში ეტაპობრივად ამოქმედდება მიკროავტობუსების 76 სამარშრუტო ხაზი, რომელთაგან 53 არსებულ მარშრუტებს ჩაანაცვლებს, ხოლო 23 ახალი მარშრუტი დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემას დაემატება.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის თქმით, ძველი მიკროავტობუსების სრული ჩანაცვლება სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება, კვლავ გრძელდება.
„პირველი თებერვლიდან მგზავრებს განახლებული და მოწესრიგებული ევროპული ტიპის ტრანსპორტით გადაადგილება შეეძლებათ, რაც მათი უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი მიკროავტობუსები გადახდის ერთიან ინტეგრირებულ სისტემაში უკვე ჩართულია და მასში საშეღავათო გადაჯდომის პრინციპი მოქმედებს. ეს იყო ჩვენი დაპირება და სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება, კვლავ გრძელდება“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.