05 ნოემბერი 2021 ნუცუბიძის III მიკრორაიონის IV კვარტლის N1-3 კორპუსებისა და II კვარტლის N9 კორპუსის მიმდებარედ პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული პარკი დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ვაკის რაიონის გამგებელთან ერთად დაათვალიერეს.
პარკის ტერიტორიაზე, რომელიც 7 500 კვ. მ ფართობს მოიცავს, ბავშვებისა და უფროსებისთვის რამდენიმე ზონა შეიქმნა. განთავსდა სავარჯიშო სივრცე, დამონტაჟდა ტრენაჟორები; გაკეთდა საბავშვო-გასართობი ზონები და დამონტაჟდა ატრაქციონები, მოეწყო მოსასვენებელი პავილიონები, მოპირკეთდა სავალი ბილიკები, მოეწყო პანდუსი და შადრევანი, დამონტაჟდა განათების ქსელი, გარდა ამისა, პარკის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც შესრულდა.