23 დეკემბერი 2022
თბილისის საკრებულოში პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრი ნინო წულაძე საჯარო სივრცეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის კონკრეტულ ადგილებში პიროტექნიკის აკრძალვის ინციატივით გამოდის. ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრმა დღეს ბრიფინგი გამართა და აღნიშნული ინიციატივა დაარეგისტრირა.
როგორც ნინო წულაძემ განაცხადა, სტატისტიკის თანახმად, პიროტექნიკის არასწორი გამოყენება ხშირად სხეულის მძიმე დაზიანებებით სრულდება. დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, საჯარო სივრცეებისა და კონკრეტული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების განსაზღვრა, სადაც პიროტექნიკის გამოყენება დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის სადღესასწაულო დღეებშიც აიკრძალება.
"ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, პიროტექნიკის გაყიდვა აქტიურად დაიწყო. მათი არასწორი გამოყენება კი ხშირად დამწვრობითა და სხეულის მძიმე დაზიანებებით სრულდება, რისი მაგალითიც არაერთხელ გვაჩვენა გასული წლების სტატისტიკამ. ბოლო სამი წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 159, თბილისში კი 92 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნები. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს საჯარო სივრცეებისა და კონკრეტული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების განსაზღვრა, სადაც პიროტექნიკის გამოყენება დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის სადღესასწაულო დღეებშიც აიკრძალება“- განაცხადა ნინო წულაძემ.
ნინო წულაძის თქმით, საკითხის აქტუალობიდან და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პარტია ,,ანა დოლიძე-ხალხისთვის" მიმართავს თბილისის საკრებულოს, რომ მათი ინიციატივა გონივრულ ვადაში განიხილოს.