22 ივლისი 2022
თბილისის საკრებულოში პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრმა ნინო წულაძემ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და მათ უფლებადამცველ ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დედაქალაქში ნაკლებად წარმოდგენილი ეთნიკური ჯგუფების წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრეს.
ნინო წულაძემ არსებული პრობლემების მოგვარების გზებსა და საშუალებებზე გაამახვილა ყურადღება, აგრეთვე ხაზი გაუსვა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას, რაც ევროინტეგრაციის ხელშეწყობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
„დღეს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების და მათი უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გავმართეთ. შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი იმ საკითხების გამოვლენა იყო, რომლებიც მათ, მუნიციპალურ დონეზე, ყველაზე მეტად აწუხებთ და რისი მოგვარებაც მათთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა. ენობრივი ბარიერი და შესაბამისად, ამის ფონზე ინფორმაციის ნაკლებობა არის ის უმთავრესი პრობლემა, რის გამოც ეს ადამიანები დღეს ნაკლებად არიან ჩართულნი სხვადასხვა საზოგადოებრივ პროცესებში. ამას გარდა, შეხვედრაზე გამოვლინდა ის საჭიროებები, რაც მათ მუნიციპალურ დონეზე აქვთ“- განაცხადა ნინო წულაძემ.
როგორც საკრებულოს წევრმა განაცხადა, მსგავსი ტიპის შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.