27 სექტემბერი 2022
თბილისის საკრებულოს წევრმა, პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ წარმომადგენელმა ნინო წულაძემ დღეს თბილისის საკრებულოში ბრიფინგი და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. როგორც ნინო წულაძემ განაცხადა, თბილისის საკრებულოში სანდრო ეულის 7 ნომრის და ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტლის მეორე, მესამე და მეოთხე კორპუსების მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა და ამ შეხვედრაში საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე მონაწილეობდა. მისი ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდეს სანდრო ეულის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ, რომელიც მომიჯნავე კორპუსებს საფრთხეს უქმნის.
„მომიჯნავე კორპუსებს უკვე მეორე ხარისხის ავარიულობა აქვთ მინიჭებული. აღნიშნული პროცესები შეიძლება უბედური შემთხვევის გამომწვევი გახდეს. მშენებლობის საპროექტო ნაწილში წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა კანონით გათვალისწინებულ ნორმებს, არ იყო გეოლოგიური და სეისმომედეგობის კვლევა, მომიჯნავე კორპუსებზე ზეგავლენის კვლევა არ ჩატარებულა და შესაბამისად, შესწავლილი არ იყო თუ ამ 22 სართულიანი შენობის სამშენებლო პროცესებს რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტლის მეორე, მესამე და მეოთხე კორპუსებზე და ზოგადად მომიჯნავე შენობებზე. სამწუხაროდ, მშენებლობა გრძელდება, რამდენიმე დღის წინ ტერიტორიაზე შეიყვანეს ტექნიკა, დაიწყეს ბურღვითი სამუშაოები. სანდრო ეულის ქუჩაზე ძველად ჩამოედინებოდა მდინარე ვერე, მიწისქვეშ არის გრუნტის წყლები. საქმეში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც დევს, რომ შენობის კონსტრუქციული ნაწილი გეოლოგიას არ შეესაბამება. ამ დასკვნაში წერია, რომ აღნიშნული მშენებლობა არ უნდა გაგრძელდეს და ის საფრთხის შემცველია მომიჯნავე კორპუსების მცხოვრებლებისთვის. ამ კორპუსებში კი 700-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, “- განაცხადა ნინო წულაძემ.
მისივე ინფორმაციით, მოქალაქეებს შექმნილი აქვთ საინიციატივო ჯგუფი, ადმინისტრაციული დავებიც ჰქონდათ თბილისის მერიაში, სასამართლოში და ყველა შესაბამისი სამართლებრივი ეტაპები გაიარეს. როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარესთან ერთად დაიგეგმა მერიის შესაბამის სამსახურებთან შეხვედრები.