09 აგვისტო 2022
თბილისის საკრებულოში პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრმა ნინო წულაძემ ბრიფინგი გამართა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქართული ოცნება სახლების ჩანაცვლების წესში ცვლილების დამტკიცებით, გეგმავს დედაქალაქის მერიას საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად კიდევ ერთი კორუფციული ხვრელი გაუხსნას.
,,წესის მიღებიდან 3 თვეში თბილისის მერია ცვლის და თავის ინტერესებს არგებს ჩასანაცვლებელი კორპუსების ავარიულობის ხარისხის დადგენას, კერძოდ, ავარიულობის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემ ორგანოდ დაემატა ა.ა.ი.პ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია, რომლის დამფუძნებელიც არის თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. ავარიულობის დადგენის პროცესში აკრედიტებული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ქმნის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის განცდას, ხოლო როცა ამ პროცესს მერიის ერთ-ერთი სტრუქტურა ხელმძღვანელობს. ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ თბილისის მერიას ამოძრავებს პირადი სავარაუდო კორუფციული ინტერესი და სამომავლოდ ავარიული კორპუსების ჩანაცვლება შერჩევითად მოხდება’’,-აღნიშნა ნინო წულაძემ.
მისივე თქმით, ექსპერტიზის არსი არის დამოუკიდებლობაში და არა მოჯადოებულ წრეში, სადაც ერთმანეთთან კორუფციული მიზნით შეკრული ხალხი არის ჩაბმული, რის გამოც მოქალაქეების სოციალური საჭიროებები ყურადღების მიღმა რჩება.