14 დეკემბერი 2021
თბილისის საკრებულოს წევრმა, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტმა ნინო რუხაძემ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) სპიკერის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) მე-10 ყოველწლიურ ონლაინ შეხვედრაში. შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-6 სამიტთან დაკავშირებით მოიწვიეს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული დღის წესრიგის განხილვა.
ნინო რუხაძე ღონისძიებაში PLATFORMA-ს სახელით მონაწილეობდა. PLATFORMA ქალაქებისა და რეგიონების, აგრეთვე მათი ეროვნული, ევროპული და გლობალური ასოციაციების კოალიციაა, რომლის მიზანია ქალაქებსა და რეგიონებს შორის განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლობის ხელშეწყობა.
თბილისის საკრებულოს წევრმა იმ წვლილზე ისაუბრა, რომლის შეტანაც შეუძლიათ ადგილობრივ და რეგიონალურ სახელისუფლებო ორგანოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული პოლიტიკის დღის წესრიგის ძირითადი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში. მან აღნიშნა, რომ ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ საჯარო ადმინისტრაციის რეფორმირების, მდგრადი ადგილობრივი პოლიტიკის უზრუნველყოფის, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების, გარემოსდაცვითი, გენდერული თანასწორობისა და ხარისხიანი და ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების მიწოდების საქმეში. ხაზი გაესვა, რომ აუცილებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებულმა დღის წესრიგმა შემდგომში ხელი შეუწყოს დეცენტრალიზაციის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტი მაია სანდუ, ევროპული რეგიონების კომიტეტის პრეზიდენტი აპოსტოლოს ციციკოსტასი, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი ლეენდერტ ვერბეკი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, ევროპარლამენტარები, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.