20 ივლისი 2022
თბილისში მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სარემონტო სამუშაოები იწყება.
რეაბილიტაციის საწყის ეტაპს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან, ანდრია ბასილაიასთან და საკრებულოს მაჟორიტარ წევრთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად გაეცნო.
მეტროსადგურის რეაბილიტაცია თანხვედრაში იქნება ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ასრულებს, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კი აღადგენს და თანამედროვე სტანდარტებით განაახლებს მეტროსადგურის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. მწვანე კედელს.
მეტროსადგურის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, განხორციელდება კონსტრუქციების გამაგრებისა და დრენაჟის მოწყობის სამუშაოები; ვესტიბიულისა და სამეურნეო ოთახების შეკეთება/განახლება; საინჟინრო ქსელების შეკეთება-განახლება; ინტერიერის (იატაკის, კედლებისა და ჭერის) მოსაპირკეთებელი სამუშაოები, კერძოდ, ტაქტილური ბილიკების მოწყობა, ფასადის მოსაპირკეთებელი, ასევე, სახურავის მოწყობის (ჰიდროიზოლაციისა და წყლის გადაყვანის სისტემების მოწყობა) სამუშაოები.
გარდა ამისა, საზაფხულო არდადეგების გათვალისწინებით, ავლაბრის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიწყო მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია. კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ასრულებს წყალმომარაგების ქსელის შეცვლის სამუშაოებს, ხოლო „თბილისი ენერჯი“ გაზმომარაგების ქსელს განაახლებს.
მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 4.2 მლნ ლარია, შპს „ბადა გრუპი“ შეასრულებს, პროექტზე კი შპს „არტსტუდიო პროექტმა“ იმუშავა.
რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურების უფროსები - გიგა გიგაშვილი და ლევან ნაროუშვილი და ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი.