11 ნოემბერი 2021
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალის „თბილისური აისი“-ს მონაწილეებს უმასპინძლა. ფესტივალი, რომელიც ეროვნულ სასახლეში დღეს იხსნება, 14 ნოემბრამდე გაგრძელდება. ეს არის საქართველოში პირველი ახალგაზრდული კინოფესტივალი, რომელიც ეროვნული სასახლეში წელს მეთოთხმეტედ იმართება.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ფესტივალის მონაწილეებს საკრებულოს შენობა, დიმიტრი ყიფიანის სახელობის საგამოფენო სივრცე დაათვალიერებინა და წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციებზე ინფორმაცია მიაწოდა. ფესტივალის მონაწილეებთან შეხვედრა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.
მარიკა დარჩია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კინოსტუდია „პიონერფილმის“ ხელმძღვანელს გრიგოლ ჩიგოგიძეს და ფესტივალის მონაწილეებს მიესალმა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მიხარია, რომ ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს. წარმატებას გისურვებთ ყველას. ეროვნულმა სასახლემ ბევრი საამაყო და ნიჭიერი რეჟისორი აღზარდა. გამორჩეული მადლობა მინდა გადავუხადო გრიგოლ ჩიგოგიძეს ასეთი მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის,“- განაცხადა მარიკა დარჩიამ.
ფესტივალის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა, მათ შორის შემოქმედებითი კონტაქტების განმტკიცება, აზრთა და ხედვათა ურთიერთ გაზიარება. ფილმების თემატიკა თავისუფალია, ხოლო ავტორები 8-დან 21-წლამდე მოზარდები არიან. ღონისძიებაში 29 ქვეყნის წარმომადგენლები ონლაინ ჩაერთვებიან.
ოთხი საფესტივალო დღის განმავლობაში, ნაჩვენები იქნება კინომოყვარულთა მიერ შექმნილი 85-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც სპეციალური ჟიური შეაფასებს. ფესტივალის ფარგლებში ფართომასშტაბიანი და საინტერესო პროგრამა იქნება წარმოდგენილი.
თბილისის საკრებულო მერიასთან ერთად კინოფესტივალის პარტნიორია.