13 აპრილი 2022
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი გამოეხმაურა ფრაქცია“ლელო-პარტნიორობა თბილისისათვის“თავმჯდომარის საბა ბუაძის განცხადებებს კომპანია „დემაქს -ვაკესთვის“ სამშენებლო ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს ინფორმაცია საჯაროა, ყველას შეუძლია გაეცნოს საკრებულოს აქტებს, რომელიც საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე დევს.
„ზოგადად როდესაც მეხუთე კოლონაზე საუბრობთ და თან ფანჩატურში ხართ მეხუთე კოლონასთან, ცოტა უხერხული და სირცხვილია ასეთი განცხადებების კეთება.
გაჟღერებულ ეპიზოდებთან დაკავშირებით ყველას შეუძლია გაეცნოს საკრებულოს აქტებს,რომელიც საჯაროა და ორივე ეპიზოდზე ძალიან მკაფიოდ და ცხადად არის ნათქვამი რა მიზეზით და როგორ მოხდა.
პირველ შემთხვევაში, ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე „დემაქს ვაკეს“ ნებართვა არ ჰქონია. ეს ტყუილია. ნებართვა ჰქონდა. მეტსაც გეტყვით, აშენებული ჰქონდა 18 სართული. ამის გადამოწმება ყველას შეუძლია. “დემაქს ჯგუფმა“დააფინანსა „ცენტრ პოინტით“დაზარალებული 10 ათასამდე ოჯახი 275 ათასი დოლარით მათ შორის, იმ გადაწყვეტილების ფარგლებში, რომელიც ყველას შეუძლია ნახოს საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე.
მეორე ეპიზოდი იყო, ნუცუბიძის ქუჩაზე მონაცვლეობის საკითხი, რომელიც თითქოსდა მორგოშიას გაუკეთეს. შეგახსენებთ, რომ აკური ასმასიანის ქუჩაზე იყო 90-იანი წლებიდან მოყოლებული დაუმთავრებელი მშენებლობა, რომელსაც ჰყავს 141 დაზარალებული ოჯახი. აღნიშნული მშენებლობა რომ დამთავრებულიყო და ინვესტორს მოგება დარჩენოდა, ამისათვის სპორტის სასახლესთან უნდა აშენებულიყო კორპუსი, მიგვეღო სიმახინჯე. ჩვენ, ქალაქმა გადაწყვიტა სპორტის სასახლესთან ეს მიწა სკვერისთვის გამოეყო. რაც სპორტის სასახლესთან უნდა აშენებულიყო, იმ მშენებლობის ნახევარი მოიხსნა და დაკომპენსირდა ნუცუბიძის მიწით, რომელიც ასევე ამ დაზარალებულების დაკმაყოფილებას უნდა მოხმარდეს. ხოლო დაზარალებულებში თუ ვინმე ვინმეს ძმა არის, ბიძაშვილი თუ მამიდაშვილი,ამას ჩვენ არ ვარკვევთ,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ოპოზიციას მოუწოდა, სანამ რაიმე ინფორმაციას გააჟღერებენ, იკითხონ, ამას რაიმე საფუძველი ჰქონდა თუ არა.