03 ოქტომბერი 2022 თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები ERASMUS+_ის მიერ თანადაფინანსებული პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში” (SQUARE) ფარგლებში, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრაზე, თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული მესამე მისიის აქტივობების, მიღწევებისა და მიმდინარე პროგრესის შესახებ ისაუბრა. რის შემდეგაც, პარიზის ხელოვნებისა და ხელოსნობის ეროვნული კონსერვატორიისა და ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, რომლებიც ამავდროულად მესამე მისიის პროექტის კონსორციუმის წევრები არიან, თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ფრანგულ და პორტუგალიურ უნივერსიტეტებში ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის გამოცდილება გაუზიარეს და საზოგადოების განვითარებისთვის უნივერსიტეტებისა და თვითმმართველობების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მესამე მისიის პროექტის კოორდინატორმა, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ირმა გრძელიძემ კი უნივერსიტეტსა და ქალაქს შორის თანამშრომლობის უკვე არსებული მაგალითები წარადგინა.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნინო რუხაძემ თსუ-ს რექტორს გიორგი შარვაშიძეს შეხვედრის ორგანიზებისა და საინტერესო პრეზენტაციების გაცნობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ნინო რუხაძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტის მხრიდან თანამშრომლობის მზაობა დიდია და მან სისტემური ხასიათი უნდა მიიღოს. ნინო რუხაძის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის საკრებულოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას საკრებულოს წევრებთან ერთად, თბილისის მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.