10 დეკემბერი 2021
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს პრემიერ მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, თბილისის მერთან კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ორბელიანის მოედანზე, „ბაზარი ორბელიანზე“ დაათვალიერა. ბაზრის გახსნას თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძეც ესწრებოდა.
„ბაზარი ორბელიანზე“ ისტორიული ბაზრის ახალი სიცოცხლეა. პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 18 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან მოქმედ კოლმეურნეობის ბაზრის შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა. „ბაზარი ორბელიანზე“ სამ სართულზე, ჯამში, 10 000 კვადრატულ მეტრზე თანამედროვე ტიპის აგრარულ ბაზარსა და კვების სივრცეს აერთიანებს, რაც საშუალებას აძლევს ქართველ გლეხსა და ფერმერს, წარმოადგინოს მის მიერ წარმოებული და მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქცია.
ბაზარი ისტორიული შენობის პირველ სართულზეა განთავსებული, სადაც 100-მდე წერტილში სხვადასხვა ტიპის სასურსათო და არასასურსათო პროდუქტი გაიყიდება. ამ ეტაპზე, ბაზარში 100-ზე მეტი მეწარმე და საცალო მოვაჭრეა წარმოდგენილი. მეორე სართული კვების 35 ობიექტს გააერთიანებს. პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში კულინარიული სკოლა - „ბაზარი გასტრო სკოლა” ამოქმედდება, სადაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს მასტერკლასებზე დასწრების შესაძლებლობა ექნება. გარდა ამისა, ტერიტორიაზე იფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიაც, რომელიც ყოველდღიურად სურსათის უვნებლობას შეამოწმებს.