01 ოქტომბერი 2025 თბილისში დღეს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ კიდევ ერთი სასტუმრო - „პარაგრაფ თაბორი“ გაიხსნა. ახალი სასტუმრო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნეს. საზეიმო ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
თაბორის მთაზე მდებარე სასტუმრო 177 ნომერისგან შედგება და იგი სხვა სასტუმროებისგან მასში ინტეგრირებული გოლფის კლუბით და 9 ფოსოაინი გოლფის მოედნით გამოირჩევა. სასტუმროში მაღალი დონის გოლფის ინფრასტრუქტურაა შექმნილი - გოლფერებისთვის განკუთვნილი სივრცეებით, პროფესიონალური მაღაზიით, გოლფის აკადემიით, სიმულაციური თამაშის ოთახებით და გოლფის მოედნებით შესაბამისი მოვლა-პატრონობის საშუალებებით. სასტუმრო უნიკალურია ქვეყანაში მასთან დაკავშირებული საბაგირო გზითაც, რომელიც ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს საბაგირო ტრანსპორტით სულ რაღაც 7-8 წუთში სასტუმრო პარაგრაფ თაბორიდან თავისუფლების მოედანზე მდებარე პარაგრაფ თბილისთან მოხვდეს.
სასტუმროში სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია 3 სხვადასხვა ტიპის რესტორანი და რამდენიმე ბარი, სპა სივრცე, სავარჯიშო და გამაჯანსაღებელ-სარელაქსაციო სივრცეები, ღია და დახურული აუზი, შეხვედრების ოთახები, სპორტული მოედნები ჩოგბურთვისთვის, კალათბურთვის, ფეხბურთვისთვის. გარდა ამისა სასტუმროს სტუმრებისთვის მოწყობილია 170 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი.
პარაგრაფების სასტუმროების ქსელი კარგად ცნობილი სასტუმროების ქსელია ქვეყანაში და მის გარეთ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში მზარდი ტურისტული ნაკადების მომსახურებასა და დაწესებული მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის საერთაშორის რეპუტაციის გაუმჯობესებისა და მდგრადობოს უზრუნველყოფისთვის.
სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ.