25 სექტემბერი 2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, კრწანისის რაიონში, თბილისში მოღვაწე პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრე შიმკევიჩის, სახელობის ქუჩა გაიხსნა.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ, გახსნა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, ლევან აბაშიძის, განცხადებით, ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ალექსანდრე შიმკევიჩი ის ადამიანია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა თბილისის იერსახის ჩამოყალიბებაში.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ არტურ გებალი, პოლონეთის ელჩი საქართველოში; რაფაელ პერლი, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო-დიასპორის დეპარტამენტის წარმომადგენელი და მარია ფილინა, თსუ-ს პროფესორი, კავშირ „პოლონიას" თავმჯდომარე.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე შიმკევიჩი თბილისში 1885 წლიდან მოღვაწეობდა. იგი იყო თბილისის საქალაქო არქიტექტორი, აგრეთვე თბილისის საქალაქო სათათბიროს დეპუტატი. მისი პროექტით აშენდა თბილისში ფუნიკულიორის შენობა, საქართველოს უზენაესი სასამართლო, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, კონსერვატორია, ისლამური სახლი, კავკასიის აბრეშუმის სახლი, ბათუმის გიმნაზია და სხვა. ალექსანდრე შიმკევიჩი ხელმძღვანელობდა აგრეთვე თბილისის ოპერის მშენებლობას.