29 ნოემბერი 2022
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაცია, რომელიც თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინა, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზნებსა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს ეხებოდა.
დედაქალაქის მერმა 2018 წელს შემუშავებული ტრანსპორტის განვითარების სამოქმედო გეგმის შესრულებულ ნაწილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვითარების გაუმჯობესება სწორედ აღნიშნული გეგმის განხორციელებამ გამოიწვია.
დედაქალაქის მერიამ წარმოადგინა კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა იყოს მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა. აღნიშნული გეგმა მოიცავს სატრანსპორტო ქსელის განახლებას და სინქრონიზაციას, ავტობუსების ჩანაცვლებას და რაოდენობის ზრდას, ავტობუსის ზოლის მოწყობას, მიკროავტობუსების სრულ განახლებას, მეტროში 12 შემადგენლობის დამატებას, ტაქსების რეფორმას, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვას, ასევე, ნაკადების მართვის „ჭკვიანი სისტემის“ დანერგვას.
დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის განვითარების სამოქმედო გეგმა სამი ეტაპისგან შედგება. გეგმის სრულად შესრულების შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე კომფორტული, სწრაფი და ხელმისაწვდომი იქნება.