15 ივლისი 2025 თბილისის საკრებულოში ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის" წევრმა თამარ ხვედელიანმა ბრიფინგი გამართა, სადაც გუშინ დედაქალაქში თევდორე მღვდლის ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა და კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახების წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.
საკრებულოს დეპუტატის თამარ ხვედელიანის განცხადებით, თბილისის მერიას მათი პასუხისმგებლობა უნდა შეახსენონ და როცა შენობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ იქ მცხოვრებლებს, არამედ გარშემო მოძრავ ადამიანებსაც, კანონი ამბობს, რომ მერიამ უნდა იმოქმედოს მცხოვრებთა თანხმობის გარეშეც. მისი თქმით, ადამიანების სიცოცხლის დაცვა არა მერიის კეთილი ნება, არამედ ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.
„რაც გუშინ მოხდა, შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ. კანონი ამის ვალდებულებას აკისრებდა. თბილისში 10 000-მდე ავარიული შენობაა, ამასთანავე, უმოქმედობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება ხდება ქალაქში. ამ ფონზე ზოგი ოპოზიციონერი არჩევნებზე ლაპარაკობს, ვითომ ის რაღაც სახალისო შეჯიბრებაა. დღეს თვითმმართველობის არჩევნებით წყდება, იცხოვრებს თუ არა ადამიანი უსაფრთხოდ. აი, ამიტომ ვართ ჩვენ ამ ბრძოლაში", - განაცხადა თამარ ხვედელიანმა.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა ბრიფინგზე აღნიშნა, დღეიდან თბილისის საკრებულოში ავარიულ შენობებთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვებას იწყებენ.