08 ივლისი 2022
თბილისის საკრებულოში კონრად ადენაუერის ფონდის პოლიტიკური განათლების აკადემიის წევრ სტუდენტებს შეხვდნენ. აკადემიის წევრები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. სტუდენტებს თბილისის საკრებულოს წევრები რევაზ სოხაძე და ანა გოგოლაძე შეხვდნენ. შეხვედრის თემა დედაქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვა და ამ პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობა იყო.
საკრებულოს წევრებმა პოლიტიკური განათლების აკადემიის სტუდენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფუნქციების შესახებ და დედაქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვაზე ინფორმაცია მიაწოდეს. ანა გოგოლაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის, საბიუჯეტო პროცესში მონაწილე სუბიექტების და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. რევაზ სოხაძემ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის და პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესზე, ამ პროცესში მოსახლეობის ჩართულობაზე, დეცენტრალიზაციის საკითხზე და მაჟორიტარის ფუნქცია მოვალეობებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტების შეკითხვები მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობას, სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას, თბილისის ბიუჯეტის პრიორიტეტებს შეეხებოდა.
საკრებულოს წევრებმა პოლიტიკური განათლების აკადემიის სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები მომავალი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ.