09 სექტემბერი 2022 თბილისის საკრებულოს წევრმა ნინო წულაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც ქალაქში ურბანული დაგეგმარების საკითხებზე ისაუბრა.
„დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განიხილება ურბანული საკითხები, რომელიც ხარვეზულია. სამწუხაროდ, ქალაქის განაშენიანება ხდება არა გენერალური გეგმის მიხედვით, არამედ მსხვილი ბიზნესის კერძო ინტერესების გათვალისწინებით. „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები ითხოვენ სხვადასხვა პრეფერენციებს, რაც გენერალური გეგმის მიხედვით არ არის გათვალისწინებული. საკითხის განხილვა არ ხდება ისე, როგორც ჩვენი ქალაქის ინტერესებშია“ - განაცხადა ნინო წულაძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საკრებულოს სხდომაზე საკითხების უმეტესობა განაშენიანების რეგულირების გეგმას ეხება, სადაც ფუნქციური ზონების ცვლილება ხდება.
მისივე თქმით, ეს არ ეხება მხოლოდ ქალაქის იერსახეს, ეს არის სამშენებლო პროცესი, რომელიც უნდა მოხდეს მკაცრად გენერალური გეგმის მიხედვით. ცვლილებები ხდება რეკერეაციული სივრცეებისა და სატყეო ზონების ხარჯზე, რაც ნელ-ნელა ურბანულ კატასტროფამდე მიგვიყვანს.