21 თებერვალი 2022
21 თებერვალს, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით, მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას მშობლიური ენის საერთაშორისო დღე მიულოცა.
„მშობლიური ენა ერის იდენტობის შენარჩუნების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უნიკალური საშუალებაა. ჩვენთვის, როგორც მცირერიცხოვანი ერისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ ქართულ ენას მსოფლიოს 6 ათასამდე ენას შორის საპატიო ადგილი უკავია. ჩვენი საამაყო წინაპრების დამსახურებით, ქართულმა ენამ საუკუნეებს გაუძლო. 21 თებერვალს მშობლიური ენის დღეს მსოფლიო აღნიშნავს. ვულოცავ ამ დღეს არა მხოლოდ ქართველებს, არამედ საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, რომელმაც ისაუბრა მშობლიური ენის დაცვისა და განვითარების მნიშვნელობაზე.
„მშობლიური ენის საერთაშორისო დღე თბილისის საკრებულოში ტრადიციულად აღინიშნება. მიხარია, რომ გვყავს საინტერესო სტუმრები და უნიკალური ექსპონატები გვაქვს გამოფენილი. საქართველოში მრავალი ეთნოსი ცხოვრობს, რომელთათვის მშობლიური ენის შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია,“ - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მედეა ღლონტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ ბოლქვაძე, ფილოლოგიის დოქტორი პროფესორი ნაირა ბეპიევი, ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი ამირან გომართელი, მწერალი სალომე კაპანაძე, აფხაზური ენის მთარგმნელი ირმა ოსია და აზერბაიჯანული, სომხური, ქისტური (ჩეჩნური), უკრაინული, ასურული თემის წარმომადგენლები: ლეილა ალიევა, ჰენრიხ პეტროსიანი, მექა ხანგოშვილი, ვალენტინა მარჯანიშვილი და ეკატერინა ბიტკაში გამოვიდნენ.
თბილისის საკრებულოში, ნესტან ბაგაურის ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო სამი მულაჟი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, კერძოდ, მეფე თამარის კუთვნილი სახარება - ვანის ოთხთავი (XII-XIII სს), საგანგებოდ მეფე გიორგისათვის გადაწერილი ბეგთაბეგისეული „ვეფხისტყაოსანი“ (1680 წლის) და VII საუკუნის ხანმეტი ლექციონარი. ღონისძიებაზე, ასევე ასოციაცია „ქართული შრიფტის“ მიერ წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ეპოქის შრიფტები, ლექსიკონები, იშვიათი მხატვრული გამოცემები და თარგმანები.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლების „ლაშქარის“ და „თამარიონის“ მიერ შესრულდა აფხაზური და ოსური საცეკვაო ნომრები, ასევე თოჯინების თეატრალური სანახაობა წარმოადგინა მეზღაპრემ და მეთოჯინემ არმენ ოგანეზიანმა.
სამი კალიგრაფის, ლეილა ბაღბაიას, დავით მაისურაძის და ნინი იკაშვილის მიერ წარმოდგენილი იყო კალიგრაფიული ნამუშევრები და ბანერზე შესრულდა კალიგრაფიული წარწერა „მშობლიური ენის საერთაშორისო დღე“, რომელზეც საპატიო წევრებმა ღონისძიების ბოლოს ხელი მოაწერეს.
თბილისის საკრებულოში გამართული ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი და მხარდამჭერი სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ასოციაცია „ქართული შრიფტი“ იყო.
მშობლიური ენის საერთაშორისო დღე იუნესკომ ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით, 1999 წელს დააწესა. იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან ნახევარს უახლოეს ხანებში გაქრობის საფრთხე ემუქრება.
საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015-2016 წლებში შესაძლებელი გახდა საქართველოს ზოგიერთ სკოლაში მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენების სწავლება.