21 აპრილი 2026 მანდატურის სამსახურის დაარსების დღის აღსანიშნავად საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სამაგალითოდ შესრულებისთვის ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიება, რომელიც თბილისის საკრებულოში გაიმართა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მანდატურის სამსახურის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
მანდატურებს პროფესიული დღე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემაც მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, დღევანდელი ღონისძიება არის განსაკუთრებული შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ მანდატურების საქმიანობის მნიშვნელობა.
„თქვენი ყოველდღიური შრომა სკოლებში ქმნის უსაფრთხო, მშვიდ და მხარდაჭერაზე დაფუძნებულ გარემოს, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისთვის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ავლენთ, თქვენი ერთგულება და პროფესიონალიზმი ქმნის საფუძველს უკეთესი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასეთივე წარმატებით გააგრძელებთ თქვენს მნიშვნელოვან მისიას“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
ღონისძიების დასასრულს მანდატურებს, ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სამაგალითოდ შესრულებისთვის შესაბამისი სერტიფიკატი და სპეციალური პრიზები გადაეცათ.
მანდატურის სამსახურის დაარსების დღის აღსანიშნავ ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.