04 დეკემბერი 2025 ,,ქართული ოცნების’’ ახალგაზრდული ორგანიზაციის მოწვევით, 3-5 დეკემბერს თბილისში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის „ახალი აზერბაიჯანი"-ს ახალგაზრდული კავშირის დელეგაციის ვიზიტი იმართება. ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დელეგაციას დღეს თბილისის საკრებულოში უმასპინძლეს. შეხვედრას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ზურაბ აბაშიძესთან და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, საკრებულოს უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ. აზერბაიჯანის დელეგაციას კი აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარე ბახტიარ ისლამოვი, მისი მოადგილე ფასლი ნაბიევი და აზერბაიჯანის პარლამენტის (მილი მეჯლისის) დეპუტატი საბინა ხასაევა წარმოადგენდნენ.
აზერბაიჯანული დელეგაციის ვიზიტის მიზანი პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გამყარება და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაა.
სტუმრებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მიესალმა, ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და საკრებულოს მუშაობის ძირითადი პრინციპები გააცნო. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ კი მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობასა და ორი ერის საუკუნოვანი მეგობრობის შესახებ ისაუბრა.
აზერბაიჯანული დელეგაციის წარმომადგენლებს საკრებულოს უმრავლესობის წევრი მარიამ გრიგოლიშვილიც მიესალმა და განაცხადა, რომ ორი ქვეყნის მმართველი პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახალგაზრდული მიმართულების განვითარება, ახალგაზრდების ხელშეწყობა და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა, ორივე ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
თავის მხრივ აზერბაიჯანული დელეგაციის წევრებმა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ მათ ორი ქვეყნის აქტიური თანამშრომლობის დიდი მოლოდინი აქვთ. ამას გარდა, აზერბაიჯანელი სტუმრების თქმით, გუშინ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ერთობლივი პროექტების განხორციელების მეტ საშუალებას იძლევა.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს და თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს. ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაცია შეხვედრებს საქართველოს პარლამენტშიც გამართავს.
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: სუვერენიტეტის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში
ივნისი 06,2025
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023