05 დეკემბერი 2022
თბილისის საკრებულოში შშმ პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ღონისძიებაზე 20-მდე სხვადასხვა კომპანიამ და ორგანიზაციამ ვაკანსიები წარმოადგინა. სამუშაოს მაძიებელი პირები ერთიან სივრცეში პირადად შეხვდნენ დამსაქმებლებს და სასურველ ვაკანსიებს გაეცნენ.
ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, თბილისის მერიის, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.
დასაქმების ფორუმი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და დამსაქმებელ კომპანიებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, როგორც დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის დასაქმების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.
ფორუმის ფარგლებში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ზურა მენთეშაშვილმა „თბილსერვის ჯგუფი, "აგროჰაბი", "TMG მთაწმინდა" და სოციალური საწარმო „კოდალა“, როგორც საუკეთესო დამსაქმებლები და პარტნიორები, სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა.
ფორუმს შშმ პირთა თემი, პარტნიორები, დამსაქმებლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.