10 თებერვალი 2023
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქ ბერლინში იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ბერლინის სენატის ჯანდაცვისა და ბიბლიოთეკების კურატორებთან, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის, მრავალპროფილური პედიატრიული კლინიკის, მუნიციპალური დაქვემდებარების სახელოვნებო, მუსიკალური სკოლის და ადრეული ასაკის განათლების (საბავშვო ბაღების) ხელმძღვანელებთან.
დელეგაციის წევრებმა ინოვაციურ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე, ჯანდაცვის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, ასევე წარმატებული რეფორმების მოდელების გაცვლასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები დასახეს. ამ მიმართულებებით თბილისის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია გერმანული გამოცდილების გაზიარება, ქართულ რეალობასთან მისადაგება და მუნიციპალურ სერვისებში არსებული სიახლეების დანერგვა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე ვიზიტის ფარგლებში ბერლინის მრავალპროფილური პედიატრიულ კლინიკას ეწვივნენ. ზურაბ ჩიკვილაძემ კლინიკის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საქართველოში არსებული მსგავსი კლინიკების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრზე.
საკრებულოს წევრები ასევე ეწვივნენ ბერლინში არსებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრს, სადაც ბენეფიციარები შესაბამის თერაპიებს გადიან. სტუმრები მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის პრინციპებს და ამ მიმართულებით დანერგილ სიახლეებს გაეცნენ. მხარეებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების უზრუნველყოფის პროცესში მუნიციპალიტეტის ჩართულობაზე გაამახვილეს ყურადღება. ზურაბ ჩიკვილაძემ ამ პროცესში უცხოური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, განაცხადა, რომ ეს ყოველივე ამ მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
„მოქალაქეებზე ზრუნვა ჩვენთვის პრიორიტეტული და გამორჩეული თემაა. მათი კეთილდღეობისთვის ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით არსებული მუნიციპალური პროგრამები უმნიშვნელოვანესია. შშმ პირებზე ზრუნვის ხარისხი დღითიდღე იზრდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა საჭიროების მქონე არცერთი პირი არ დარჩეს სერვისების მიღმა. ამ პროცესში მუნიციპალიტეტის აქტიური მონაწილეობა, ჩვენს ქვეყანაში გერმანიის ანალოგი დღის და სარეაბილიტაციო ცენტრების არსებობა, ამავდროულად უცხოეთის გამოცდილების გაზიარება ჩვენი თანამოქალაქეების და მომავალი თაობის კეთილდღეობის განმსაზღვრელი ფაქტორია,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, კახა ლაბუჩიძის, განცხადებით, კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით გერმანული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საბიბლიოთეკო საქმის, მუსიკალურ-სახელოვნებო სკოლებსა და ბაღებში დანერგილი სასწავლო მეთოდიკის გაზიარების თვალსაზრისით. „თბილისი გასულ წელს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ფლობდა და ეს შესაძლებლობა დედაქალაქმა საკმაოდ პრაქტიკულად და წარმატებულად გამოიყენა. როგორც ევროპელმა და ამერიკელმა კოლეგებმა აღნიშნეს, თბილისი საუკეთესო მაგალითია ინოვაციური პროექტების დანერგვის პროცესში და წარმატებით იყენებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომლებიც აქვს. ამდენად, ჩვენთვის კვლავ პრიორიტეტულია ინოვაციური პროექტების განხორციელება, მულტიფუნქციური ცენტრებისა და სახელოვნებო დაწესებულებების ინვენტარიზაცია, ერთიანი სასწავლო მეთოდიკის დანერგვა და ხელოვნების სფეროს პოპულარიზაცია“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ბერლინში ვიზიტის დასასრულს გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა საკრებულოს წევრებსა და გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შორის. დელეგაციის წევრებმა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე, ჯანდაცვის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, ასევე სამომავლო გეგმები დასახეს წარმატებული რეფორმების მოდელების გაცვლასთან დაკავშირებით. ყურადღება გაამახვილეს მხარეების ურთიერთობის გაღრმავებისთვის აღნიშნული შეხვედრის მნიშვნელობაზე. მადლობა გადაუხადეს საელჩოს წარმომადგენლებს და ელჩს, ლევან იზორიას.
ქართულმა მხარემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრებისთვის საჩუქრად ჩაიტანა თანამედროვე ქართულენოვანი მხატვრული ლიტერატურა, მათ პატიმრებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.