10 დეკემბერი 2021 თბილისის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ საზეიმოდ აინთო. დღესვე, დედაქალაქის ყველა უბანი განათდა საახალწლო ილუმინაციებით.
ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც მუსიკალურად გაფორმდა, საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.
ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე წარსდგა ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი და ჯგუფი „ნიუტონი“. 24 დეკემბერს, საზეიმოდ გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, რომელიც ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში 14 იანვრის ჩათვლით განთავსდება.
ამ ხნის განმავლობაში, აღნიშნულ ადგილმდებარეობებზე, ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები. „საახალწლო სოფელში“ განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციებიდა რაც მთავარია, თოვლის ბაბუას სახლი.