05 მარტი 2026
დღეს, თბილისის საკრებულოში თბილისის მერიას, საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" და ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანია Leisure Development Partners-ს (LDP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი თბილისის ზღვის არეალში გასართობ-სარეკრეაციო თემატური სივრცის შექმნას შეეხება. ხელშეკრულებას თბილისის მერმა კახა კალაძემ, ფონდ „ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და Leisure Developmennt Patners-ის წარმომადგენელმა ნატალი ბახლინმა მოაწერეს ხელი.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, დედაქალაქის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს და პარლამენტის წევრები, მერის მოადგილეები, რაიონების გამგებლები, ფონდი „ქართუსა" და ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც ხელმოწერის ცერემონიაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, საუბარია პროექტზე, რომელიც გულისხმობს თბილისის ზღვის არეალში ახალი რეკრეაციული და გასართობი თემატური სივრცის შექმნას.
ფონდი „ქართუს" დაფინანსებით და ჩართულობით მოიძებნა მსოფლიოში დიდი გამოცდილების საკონსულტაციო კომპანია LDP, რომელიც უკვე მუშაობს შესაბამის მულტიდარგობრივ კვლევებზე, რომელთა საფუძველზე უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტირება, ჩატარდება პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი, მეორე ეტაპზე კი შეიქმნება კონცეპტუალური დიზაინი.