29 მაისი 2022 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილესთან ნინო რუხაძესთან და საკრებულოში არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს თავმჯდომარესთან რიტა ხიდირბეგიშვილთან ერთად სომეხი აშუღი პოეტის საიათნოვასადმი მიძღვნილ „ვარდატონის“, იგივე ვარდების ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო.
საკრებულოს წარმომადგენლებმა საიათნოვას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს, რის შემდეგ ზურაბ აბაშიძემ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, დიდი ჰუმანისტის საიათნოვასადმი მიძღვნილი დღესასწაული ორი ქვეყნის – საქართველოსა და სომხეთის ერთობის, მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია.
„მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი ვიყო ამ დიდებული დღესასწაულის –„ვარდატონის“ აღნიშვნის მონაწილე. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს განსაკუთრებული თარიღი, რომელიც ერთნაირად ძვირფასია როგორც სომხებისთვის, ასევე ქართველებისთვის.
ჩვენ ვიცით, რომ თბილისი გამოირჩევა კულტურული მრავალფეროვნებით, რომელსაც აქ მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები ქმნიან.
გილოცავთ „ვარდატონის“ დღესასწაულს. თითოეულ თქვენგანს, ჩვენს თანამოქალაქეებს ბედნიერ თანაცხოვრებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ! დღეს ჩვენ ყველა ვერთიანდებით ერთი საერთო მიზნის ირგვლივ – ერთგულად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ვაშენოთ ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ყველა ადამიანის უფლებაა დაცული და თითოეული მოქალაქის როლი ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ზურაბ აბაშიძემ.
საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილის ნინო რუხაძის თქმით, „ვარდატონის“ დღესასწაული ტრადიციულად თბილისში ტარდება და ის თბილისური მულტიკულტურალიზმისა და მრავალეთნიკურობის ერთ-ერთი სიმბოლოა.
„ეს დღე არის სიმბოლო სხვა და სხვა ეთნოსის იმ ნიჭიერი ადამიანებისა, რომლებიც იბადებოდნენ და მოღვაწეობდნენ თბილისში. საიათნოვა სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო“,- განაცხადა ნინო რუხაძემ.
საზეიმო ღონისძიება, რომელიც ვახტანგ გორგასლის სახელობის მოედანზე გაიმართა, საკონცერტო პროგრამით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა თანამედროვე პოეტებთან, მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, საქართველოსა და სომხეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა მიიღეს.
„ვარდატონის“ დღესასწაულის ღონისძიება თბილისის მერიის, საქართველოს პრეზიდენტის აპარატის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ორგანიზაციის „ქართველ სომეხთა კავშირი“, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის და სომხეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, ასევე, საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირების წარმომადგენლები, ქართველი და სომეხი პოეტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
„ვარდატონი“ თბილისში პირველად 1914 წელს ქართველი პოეტის იოსებ გრიშაშვილის, სომეხი მწერლის ოვანეს თუმანიანის და მხატვარ გევორქ ბაშინჯახიანის ინიციატივით გაიმართა. მას შემდეგ ყოველწლიურად ამ დღეს თბილისში, სურფგევორქის ეკლესიის ეზოში დღესასწაულის მონაწილეებს საიათნოვას საფლავზე წითელი ვარდები მიაქვთ.