02 ოქტომბერი 2025
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოებას დაესწრო. პედაგოგებს შესაბამისი სერტიფიკატები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გადასცა.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებელთა შრომის აღიარებისთვის.
„გამორჩეული ღვაწლის მქონე პედაგოგთა დაჯილდოების ინიციატივა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებელთა შრომის აღიარებისა და მათი წახალისებისთვის. მართლაც ფასდაუდებელია პედაგოგების როლი ჩვენი შვილების - მომავალი თაობების - აღზრდაში, ამ ამაგის დასაფასებლად არ დავიშურებთ ძალისხმევას და სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით აქტიურად გავაგრძელებთ პედაგოგთა მხარდაჭერას"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ღონისძიებას პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და პარლამენტის წევრი, მთაწმინდის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და მთაწმინდის რაიონის პედაგოგები დაესწრნენ.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. პედაგოგები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ჯილდოვდებიან, დაესწრებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.