29 სექტემბერი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე პარლამენტის წევრ დავით კაჭარავასთან, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სოლოლაკში, გ. ლეონიძის ქ. N11ა-ში მდებარე სკვერის დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
აღნიშნული ტერიტორია, „თეატრალურ საზოგადოებას“ ეკუთვნოდა, მიმდინარე წელს მიღწეული შეთანხმების შედეგად კი ის მუნიციპალიტეტს გადაეცა.
ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონი, ამფითეატრი, ასევე მოეწყო განათების ქსელი, ბილიკები და განთავსდა საბაღე სკამები და ურნები. ტერიტორიაზე დაიგო ბალახი და დაირგო მცენარეებიც.
სკვერის გახსნის ღონისძიებაზე საერთაშორისო კულტურის სივრცის მხარდაჭერით გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ევგენი მიქელაძის სამუსიკო და დიმიტრი არაყიშვილის სახელობის გუნდებმა მიიღეს. რეაბილიტირებულ ტერიტორიაზე სამხატვრო გალერეა „ასტეროიდ 721-ის“ მოსწავლეების ნამუშევრებიც გამოიფინა.