08 მარტი 2022
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ საქართველოს დამსახურებულ ქალბატონებს – ცნობილ ენათმეცნიერსა და ფილოლოგს მზექალა შანიძეს, კომპოზიტორებს მარიკა კვალიაშვილს, ნუნუ დუღაშვილს და ნუნუ გაბუნიას, კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძეს, მწერალ ნაირა გელაშვილსა და აკადემიკოს გულიკო ჩაფიძეს – სიმბოლური საჩუქრები გადასცა და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მათ მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ყველა ქალბატონს მიულოცო 8 მარტი. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ღვაწლმოსილ ქალბატონებს, რომელთაც მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობით ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის, ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარების საქმეში. გულითად მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, რომ თქვენი საქმიანობით დღესაც გამორჩეულ მაგალითს აჩვენებთ ჩვენს მომავალ თაობებს.
ქალბატონები ყოველთვის უდიდეს როლს ასრულებდნენ ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის ფორმირებასა და განვითარებაში. მეამაყება, რომ ქართველი ქალები ტრადიციულად აქტიურად იყვნენ ჩართულები, როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე, პოლიტიკაში და ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში იღებდნენ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
დღეს მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოთ ჩვენს ქვეყანაში თანასწორი და თავისუფალი გარემო, რათა საქართველოში მცხოვრებ ქალებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვის ფართო ასპარეზი ჰქონდეთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, მსურს, ყველა ქალბატონს ჯანმრთელობა, ბედნიერება და მშვიდობა გისურვოთ!.“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.