28 ოქტომბერი 2021 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან ერთად, ვაკის პარკის რეაბილიტირებული ნაწილი დაათვალიერა და გაწეული სამუშაოების შედეგს გაეცნო. ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია და პარკის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ვაკის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები 2019 წელს შემუშავებული წინასაპროექტო კვლევებისა და ფუნქციური ზონირების რუკის საფუძველზე დაიწყო. რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ჩარევების და ცვლილებების გარეშე განხორციელდა.
ფართომასშტაბიანი სამუშაოების ფარგლებში, უკვე განახლდა საპარკე ავეჯი, საფეხმავლო და ველობილიკები, დამატებით მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ბილიკები. მოწყობილია საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი, ფანჩატურები, საპიკნიკე ზონა მაგიდებითა და სკამებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სასმელი წყლის შადრევნები, ცხოველების სასეირნო მოედანი, სარწყავი, სანიაღვრე, წყალარინების და ელექტროობის სისტემები; ცენტრალურ ჩამოსასვლელთან პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შადრევანი; დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე სრულად განახლდა მცენარეული საფარი - დაირგო სხვადასხვა სახეობის 12 088 ძირი ბუჩქი და 1342 ძირი ხე.
რაც შეეხება კასკადისა და შადრევნის სრულ რეაბილიტაციას, კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება იმავე მასალითა და ვიზუალით, ასევე, მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემაც.
მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება.