23 ივნისი 2022
თბილისის საკრებულოში ეთნიკური უმცირესობების საბჭოს ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართული ენის კურსის დასრულებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
თბილისის მეგობრობის სახლისა და ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო ადმინისტრირების სკოლის თანამშრომლობით თბილისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა გაიარეს. პროგრამის კურსდამთავრებულებს დღეს საკრებულოში სერტიფიკატები გადაეცათ.
შეხვედრა დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ნინო რუხაძემ გახსნა, კურსდამთავრებულებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა.
„ქართული ენის შემსწავლელი კურსები ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას საზოგადოებაში რაც შესაძლებლობას აძლევს ამ ადამიანებს საკუთარი ნიჭიერება და პოტენციალი ქვეყანას მოახმარონ და აქტიურად იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო ადმინისტრირების სკოლასა და თბილისის მეგობრობის სახლის თანამშრომლობის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა გაიარეს სახელმწიფო ენის შემსწავლელი უფასო კურსები, შესაბამისად დღეს მათ ქართული ენის ცოდნის სერტიფიკატები გადავეცით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უფასო კურსები უკვე შეთავაზებულია იმ უკრაინელი ლტოლვილებისათვის, რომლებიც საომარი მოქმედებების შედეგად, დროებით ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ“ - განაცხადა ნინო რუხაძემ.
შეხვედრაზე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლის ხელმძღვანელმა, ქეთევან ჯაყელმა სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა , რომ ქართული ენის პროგრამები მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული და სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ხორციელდება ენის ფლობის ზოგადევროპული სტანდარტების მიხედვით.
შეხვედრის დასასრულს კურსდამთავრებულებმა საბჭოს წევრებს და სკოლის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ უფრო სრულყოფილად შეძლებენ ქართული ენის შესწავლას.