10 ოქტომბერი 2022
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მრჩეველთან მარიკა დარჩიასთან, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან კახა ლაბუჩიძესთან და თბილისის მერის მოადგილესთან ანდრია ბასილაიასთან ერთად, კლუბის „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ გახსნას დაესწრო.
მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა ნინო მაჭარაშვილმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ მიიღეს.
თბილისის მერიის პროექტი, რომელიც მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ორგანიზებითა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პარტნიორობით ხორციელდება, 60 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეების ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობას ემსახურება.
„60+ კლუბი“ თბილისის მუნიციპალური სერვისია და 60 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ, აითვისონ ახალი უნარები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, დაგეგმონ და განახორციელონ ღონისძიებები, გაეცნონ ახალ ინფორმაციებს. მოწვეული სპეციალისტები ყოველდღიურად ჩაატარებენ აქტივობებს, რომელიც სპეციალურად კლუბის წევრებისთვის იქნება შემუშავებული. საწყის ეტაპზე, დაგეგმილია სამი სხვადასხვა აქტივობა - ვარჯიში, ხატვა და მუსიკა.
კლუბის წევრები დაესწრებიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს, არტთერაპიას - ხატვას, რომელსაც მხატვარი ქეთევან მატაბელი შეასწავლის და მუსიკას, რომლის გაკვეთილებს მუსიკოსი ია შუღლიაშვილი ჩაატარებს.