28 სექტემბერი 2022
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2022 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა და ცენტრის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,მოგესალმებით, მივესალმები პატივცემულ ელჩებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დამსწრე საზოგადოებას, ახალგაზრდებს. დღეს თბილისის საკრებულო განათლების საერთაშორისო ცენტრის 2022 წლის შემაჯამებელს ღონისძიებას მასპინძლობს. ცენტრის მიერ დაფინანსებული სტუდენტების ინტელექტუალური რესურსის გამოყენება საქართველოს საზოგადოებრივი და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ნამდვილად უკეთეს მომავალს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას. ის ფაქტი, რომ 2014 წლიდან 1200-ზე მეტი სტიპენდიაა გაცემული და ქართველი სტუდენტები 40-ზე მეტ ქვეყანაში სწავლობენ, უკვე მრავლისმეტყველია. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საელჩოებსა და უცხოელ პარტნიორებს, რომლებიც ცენტრთან ერთად ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ, ასევე ცენტრის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს ამ მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის,’’-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიებაზე ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ 2014-2022 წლებში განხორციელებული პროგრამების ანგარიში წარმოადგინა, რის შემდეგაც ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა.
ცენტრთან თანამშრომლობითი მიმდინარე პროგრამების შესახებ პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა და პროგრამის მხარდამჭერებმა ისაუბრეს.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, 2022 წელს ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციას საქართველოში 100 ზეტი აქტიური წევრი ჰყავს.
ასოციაციის საქმიანობა, ხედვა და სამომავლო გეგმები საზოგადოებას ასოციაციის პრეზიდენტმა და 2021 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა კურსდამთავრებულებმა გააცნეს.
ღონისძიებას, რომელიც მთავრობის წევრების, საერთაშორისო პარტნიორების, ცენტრის სტიპენდიატებისა და პროგრამული კომისიების წევრების ჩართულობით შედგა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსი ნინო წერეთელი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.