01 ნოემბერი 2025 თბილისის საკრებულოს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი ეწვია, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, უმასპინძლა.
სტუმრებს სიტყვით ზურაბ აბაშიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ წმინდა მამების სტუმრობა ახლადარჩეულ საკრებულოში სიმბოლური აქტია. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ათონელი ბერების ლოცვა-კურთხევა სამომავლო საქმიანობაში არაერთი წარმატების მომტანი იქნება.
„ჩვენთვის დღეს დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს და ათონის მთაზე მოღვაწე ქართველ ბერებს. ათონის მთა ქართველებისთვის განსაკუთრებული ადგილია. აღსანიშნავია ქართველების საოცარი ღვაწლი ივერონის მონასტერში. იქ ითარგმნებოდა წმინდა წერილები და წიგნები, ეს იყო საქართველოში სულიერებისა და მეცნიერების შემოტანის გზა. ამას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნის, ერის და ეკლესიის გაძლიერებისთვის. დღეს კი თქვენი ლოცვა და ღვაწლი გვაძლიერებს და მადლობა მინდა გითხრათ, რომ გამონახეთ დრო და გვეწვიეთ საკრებულოში“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ქართველებისთვის ათონის მთისა და იქ მოღვაწე ბერების განსაკუთრებულობაზე დედაქალაქის ვიცე მერმა გიორგი ტყემალაძემ ისაუბრა.
„მოგესალმებით დიდი პატივისცემით და დიდი სიყვარულით. თქვენთან შეხვედრა დიდი პატივია ჩემთვის. მოგახსენებთ, რომ დღეს ჩემი საქმიანობის პირველი დღეა და მნიშვნელოვანია, რომ ახლადარჩეული მერისა და მერიის საქმიანობა სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტით, თქვენი სტუმრობითა და დალოცვით დაიწყო“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
„ეს ქალაქი იმსახურებს, რომ ჰქონდეს ქრისტესმიერი მშვიდობა. ადამიანებს ერთმანეთთან სიყვარული უნდა აკავშირებდეს. ვფიქრობ, თქვენ მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თქვენს ქვეყანაში მშვიდობას და ერთიანობას შეუწყობს ხელს“, - ბრძანა არქიმანდრიტმა ეფრემმა.
დასასრულს, არქიმანდრიტმა ეფრემმა დედაქალაქის საკრებულოს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა. ასევე ხატებით დაასაჩუქრა საკრებულოს წევრებიც.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025