07 ოქტომბერი 2022
თბილისის საკრებულოში ფრაქციის ,,თბილისი საქართველოსთვის’’ ყოფილმა წევრმა, დავით ფარცვანიამ ბრიფინგი გამართა და მის მიმართ წამოყენებული ყველა ბრალდება უარყო.
როგორც ფარცვანიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხრიდან მოსყიდვის შესახებ პარტიის განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო, მით უმეტეს, რომ პარტია საკუთარი სურვილით კომუნიკაციის არარსებობისა და პარტიასთან გარკვეული ტიპის უთანხმოებების გამო დატოვა.
„პარტია მე თვითონვე დავტოვე და გუშინ ამის თაობაზე ფრაქციის თავმჯდომარესთანაც მქონდა საუბარი. დღეს განცხადებაც კი დავწერე და შემდგომ იყო პირველი ტყუილი, რომ თითქოს, პარტიიდან გამრიცხეს.
რაც შეეხება ბრალდებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სავარაუდო ფარული თანამშრომლობის თაობაზე, ეს არის ჩვეულებრივი საბჭოთა „კაგებეშნიკური“ მიდგომა და ამას დასაბუთება სჭირდება.
ჩემი პარტიიდან წამოსვლის მიზეზი საკმაოდ ბევრი იყო. ეს იყო დიდი ხნის კომუნიკაციის არარსებობა. ეს პროცესი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ასევე იყო გარკვეული შიდაპარტიული უთანხმოებებიც, თუმცა, დეტალებს აქ მნიშვნელობა არ აქვს’’,-განაცხადა დავით ფარცვანიამ.
მისივე თქმით, პარტიის დატოვების მიზეზები გიორგი გახარიამ თავიდან ბოლომდე იცოდა.
დავით ფარცვანიამ ბრიფინგზე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის საკრებულოში უკეთესი თბილისისთვის ბრძოლას ის უკვე ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი განაგრძობს მუშაობას.