23 მაისი 2022
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე მთაწმინდის პარკში „აფხაზეთობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით გაიმართა.
პარკის ტერიტორიაზე ფოტოგამოფენაზე - „კადრები აფხაზეთიდან“, გამოტანილი იყო აფხაზეთში გადაღებული დღემდე უცნობი და უნიკალური კადრები.
ციფრული მუზეუმის სივრცეში აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ იმერსიული პროექციის ჩვენება მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უნიკალური ფოტოები.
გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ და აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ მონაწილეობით გაიმართა კონცერტი.
ღონისძიებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ვეტერანები ესწრებოდნენ.
23 მაისი, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით „აფხაზეთის დღედ“ დადგინდა.